ka | en
Company Slogan TODO

კლიმატის ცვლილება და გლობალური დათბობის საფრთხე

ავტორი: თამარ ხატიაშვილი
ანოტაცია:

გლობალური დათბობა დედამიწის ატმოსფეროს მიწისპირა ფენის და მსოფლიო ოკეანის საშუალო წლიური ტემპერატურის უწყვეტი ზრდის პროცესია. დედამიწის საშუალო ტემპერატურის ზრდა მე-20 საუკუნის შუა წლებიდან სავარაუდოდ განპირობებულია ანთროპოგენური სათბურის აირების კონცენტრაციის ზრდით, რომლის შედეგადაც ძლიერდება ატმოსფეროს სათბურის ეფექტი რაც დედამიწის ქერქისა და ატმოსფეროს დაბალი ფენების ტემპერატურის ზრდას იწვევს. 21-ე საუკუნეში მოსალოდნელია დედამიწის ატმოსფეროს ტემპერატურის ზრდა, რამაც შეიძლება ძალიან მალე სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს. სათბური აირების კონცენტრაციის ზრდის შეჩერების შემთხვევაშიც კი, ეს დათბობა კიდევ 1000 წელს გაგრძელდება. მხოლოდ ამის შემდეგ არის მოსალოდნელი დარღვეული წონასწორობის ხელახლა დამყარება და საშუალო ტემპერატურის დასტაბილურება. გლობალური დათბობა არამხოლოდ დედამიწის ზედაპირის ჰაერის ტემპერატურის პირდაპირი გაზომვით დასტურდება, ამას მოწმობს მსოფლიო ოკეანის დონის ზრდაც, რომელსაც რამდენიმე მიმართულებით აკვირდებიან. ეს პროცესი წყლის თერმული გაფართოებით აიხსნება, რაც იმას ნიშნავს, რომ წყალი, ისევე როგორც ნებისმიერი ნივთიერება, გათბობისას ფართოვდება და როცა ამ პროცესის მასშტაბი გლობალურია, მსოფლიო ოკეანის დონე იმატებს. არსებობს გლობალური დათბობის დამადასტურებელი სხვა მონაცემებიც. ეს არის თოვლისა და ყინულის საფარის დნობა არქტიკაში, მყინვარების ლღობა და სხვა. მრავალ ცოცხალ ორგანიზმს გადაშენება დაემუქრება და მკვეთრად გაიზრდება დაავადებათ რიცხვი. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის ტემპერატურა დაახლოებით 1℃-ით არის მომატებული. კლიმატოლოგები ნულოვან ნიშნულად, როგორც წესი, იღებენ საშუალო გლობალურ ტემპერატურას, რომელიც მეოცე საუკუნეში ან ინდუსტრიამდელ პერიოდში (1850-1900 წლები) ფიქსირდებოდა. IPCC-ის (The Intergovernmental Panel on Climate Change) ბოლო ანგარიშში კლიმატის ცვლილების ორი სცენარია განხილული. პირველ შემთხვევაში ტემპერატურა კიდევ ნახევარი გრადუსით - +1,5-მდე იზრდება, მეორე შემთხვევაში კი კიდევ ერთი გრადუსით - +2-მდე. ათვლის წერტილად ინდუსტრიამდელი პერიოდია აღებული. ერთი შეხედვით, ეს ძალიან დიდი სხვაობა არ არის, მაგრამ მას პოლარულ რეგიონებზე, ზღვის ეკოსისტემაზე, წყალდიდობების სიხშირესა და სხვა მსგავს სფეროებზე ძალიან დიდი გავლენა ექნება. ჯერჯერობით რთულია იმის დადგენა, თუ დედამიწის რომელ რეგიონს მიადგება ყველაზე დიდი ზიანი ამ ცვლილებების შედეგად.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com