ავტორიზაცია
P.aeruginosa-ს რეზისტენტობის თანდაყოლილი მექანიზმები და ალტერნატიული თერაპიული მიდგომები
ავტორი: სოფიო ღოლაძესაკვანძო სიტყვები: Pseudomonas aeruginosa, ანტიბიოტიკორეზისტენტობა, რეზისტენტობის მექანიზმები, მკურნალობის ალტერნატიული მეთოდები
ანოტაცია:
Pseudomonas aeruginosa ნოზოკომიალური ინფექციების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევია და განსაკუთრებული სიხშირით გამოიყოფა ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ჰოსპიტალიზებული პაციენტებისგან. ის არა მხოლოდ გასტროინტესტინურ, საშარდე გზების თუ სისტემურ ინფექციებთან არის ასოცირებული, არამედ წარმოდგენს ავადობისა და სიკვდილიანობის წამყვან მიზეზს ცისტური ფიბროზის მქონე და იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში. Pseudomonas aeruginosa-ს ერადიკაცია უფრო და უფრო რთული ხდება ანტიბიოტიკების მიმართ მზარდი რეზისტენტობის გამო. ის ხასიათდება მეტაბოლური მრავალფეროვნებით და უნარით, გამოიმუშაოს რეზისტენტობის მრავლობითი მექანიზმი, რაც, თავის მხრივ, გარემო პირობების ცვლილებებისადმი ადაპტაციას განაპირობებს; აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვნად იმატა რეზისტენტული P.aeruginosa-ის შტამების პრევალენტობამ, რაც ასოცირებულია ავადობისა და სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელთან, ხოლო მკურნალობის შეზღუდული სტრატეგიებისა და შეუსაბამო ემპირიული თერაპიის გამო - არასასურველ კლინიკურ და ეკონომიკურ გამოსავალთან. ვინაიდან Pseudomonas aeruginosa საზოგადოებრივ ჯანდაცვას განსაკუთრებული საფრთხის წინაშე აყენებს მზარდი პრევალენტობისა და არსებული ანტიბაქტერიული აგენტების არაეფექტურობის გამო, ამერიკის ინფექციური დაავადებების საზოგადოებამ (IDSA) ის „ESKAPE” პათოგენების სიაში შეიყვანა. აღნიშნული მიმოხილვა შეეხება P.aeruginosa-ს ანტიბიოტიკორეზისტენტობის თანდაყოლილ მექანიზმებს, კერძოდ გარეთა მემბრანის განვლადობას, ეფლუქს ტუმბოს ექსპრესიასა და ანტიბიოტიკის მაინაქტივირებელი ფერმენტების პროდუქციასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამასთან, განვიხილავთ ანტიმიკრობულ პეპტიდებსა და ნანონაწილაკებს, როგორც ალტერნატიულ თერაპიულ მიდგომებს, რომლებიც შესაძლოა მომავალში წარმატებით დაინერგოს კლინიკურ პრაქტიკაში.