ka | en
Company Slogan TODO

ქვერცეტინ-დაკავშირებული მაგნიტური ნანონაწილაკების გავლენის შესწავლა კაინის მჟავას ეპილეფსიური სტატუსით განპირობებულ ცვლილებებზე ვირთაგვებში

ავტორი: ნანული დორეული
თანაავტორები: მარიამ ქურასბედიანი, მანანა ჩიქოვანი, ბუციკო ჩხარტიშვილი, როზა ბუკია, ბესარიონ ფარცვანია
საკვანძო სიტყვები: ქვერცეტინი, ნანონაწილაკები, მაგნიტური ველი, ეპილეფსია, მეხსიერება
ანოტაცია:

ეპილეფსია ცნს-ის ქრონიკული დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სპონტანური განმეორებადი კრუნჩხვები. აღნიშნული პათოლოგია ამაგზნებელ და შემაკავებელ ნეიროტრანსმიტერულ სისტემებს შორის ბალანსის დარღვევითაა განპირობებული. ასევე აღნიშნულია ანტიოქსიდანტური სტატუსის დაქვეითება და რეაქტიული რადიკალების წარმოქმნის გაძლიერება. ეპილეფსიის რეზისტენტული ფორმის მკურნალობის სტრატეგიაში გამოიკვეთა ფლავონოიდების - ანტიოქსიდანტების განსაკუთრებული როლი. ეპილეფსიის ლოკუსზე სამკურნალო პრეპარატების მიმართული ზემოქმედებისათვის ნანონაწილაკების გამოყენება კი წარმოადგენს თანამედროვე პერსპექტიურ საშუალებას. ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა მაგნიტური ნანონაწილაკების(მნნ) ქვერცეტინთან (მცენარეული წარმოშობის ანტიოქსიდანტი) დაკავშირება მისი ბიოშეღწევადობის გაზრდის მიზნით და ეფექტების შეფასება კაინის მჟავას ეპილეფსიური სტატუსით (კმ-ეს) გამოწვეულ დარღვევებზე ტემპორალური წილის პროექციაზე გარე სტატიკური მაგნიტური ველის (გსმვ) ექსპოზიციის პირობებში. ექსპერიმენტები განხორციელდა თეთრ ლაბორატორიულ ვირთაგვებზე წონით 100-120გრ. ეპილეფსიის ცხოველური მოდელების მისაღებად გამოვიყენეთ ფარმაკოლოგიური მიდგომა: კაინის მჟავას (12-15მგ/კგ) ერთჯერადი ინტრაპერიტონეალური ინექცია. კეტამინით ანესთეზირებულ საკონტროლო და კმ-ეს-ით ვირთაგვებში ქ-მნნ-ის ინექცია მიმდინარეობდა კუდის ვენაში ტემპორალური წილის პროექციაზე გსმვ-ის უნილატერალური ექსპოზიციის პირობებში. ქცევითი ექსპერიმენტები განხორციელდა ღია ველსა და T-ლაბირინთში. მორფოლოგიურ ექსპერიმენტებში შევაფასეთ რკინაშემცველი ჩანართების რაოდენობა. ელექტროფიზიოლოგიურ ექსპერიმენტში კი - ეპილეფსიური სტატუსით გამოწვეული ცვლილებები და მასზე ქვერცეტინის/ ქ-მნნ-ის გავლენა. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ მნნ ან მაგნიტური ველი არ იწვევს ქცევით და ელექტროფიზიოლოგიურ მახასიათებლებში ცვლილებებს. ქვერცეტინი/ქ-მნნ აადვილებს დასწავლა/მეხსიერებას საკონტროლო ვირთაგვებში. მხოლოდ მაგნიტური ველის ექსპოზიციის ფონზე წარდგენილი ქ-მნნ იწვევდა კაინის მჟავას ეპილეფსიური სტატუსით გამოწვეული მეხსიერების დარღვევის კორექციას. ქვერცეტინი ან ქ-მნნ გარე მაგნიტური ველის ექსპოზიციის გარეშე არ იყო ეფექტური. კმ-ეს-ით ვირთაგვებში რკინაშემცველი ჩანართების რაოდენობრივი ზრდა აღინიშნა მაგნიტური ველის ექსპოზიციის მხარეს, რაც იმის მაჩვენებელია, რომ მაგნიტური ველი ხელს უწყობს ქ-მნნ-ის გადაადგილების მართვას ტვინის სტრუქტურებში. კვლევა შესრულებულია რუსთაველის ფონდის გრანტის FR17_629 ფარგლებში.


მიმაგრებული ფაილები:

Effects of Quercetin-loaded magnetic nanoparticles on disturbances induced by kainic acid status epilepticus in rats [en]
ქვერცეტინ-დაკავშირებული მაგნიტური ნანონაწილაკების გავლენის შესწავლა კაინის მჟავას ეპილეფსიური სტატუსით განპირობებულ ცვლილებებზე ვირთაგვებში [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com