ავტორიზაცია
კავკასიის მლაშნარი უდაბნოები და ნახევრად უდაბნოები, მათი თავისებურებები (ქოროლოგია) და კლასიფიკაცია
ავტორი: არნოლდი გეგეჭკორისაკვანძო სიტყვები: კავკასია, მლაშნარი უდაბნოები, ქოროლოგია, ვიკარირება, კლასიფიკაცია
ანოტაცია:
სამეცნიერო ლიტერატურაში კავკასიის არიდული რაიონების და, კერძოდ, უდაბნოებისა და ნახევრად უდაბნოების თაობაზე არსებობს წინააღმდეგობრივი მოსაზრებები. ერთნი თვლიან, რომ რეგიონში უდაბნოები და ნახევრად უდაბნოებია (მაგალითად, გულისაშვილი და სხვ., 1975). მეორენი მიიჩნევენ, რომ ყველა მწირნალექიანი გარემო პირობები უდაბნოებს მიეკუთვნება (მაგ., ლაჩაშვილი, ხაჩიძე, 2010), სხვები (მაგ., გროსჰეიმი, 1948) თვით მლაშნარ უდაბნოებსაც კი ,,სტეპებად“ მოიხსენიებენ. ჩვენ (გეგეჭკორი, 1984, 2008, 2019) მივიჩნევთ, რომ კავკასიის მწირნალექიანი (წლიური საშუალო - 250-200მმ და ქვემოთ) რაიონები უდაბნოებია, ხოლო შედარებით უხვნალექიანი (400-200მმ) რაიონები კი ნახევრად უდაბნოები. ამ მონაცემებით აღმოსავლეთ საქართველოში მხოლოდ ნახევრად უდაბნოებს ვხვდებით (გეგეჭკორი, 1984,2008,2019). მათ ფონზე, აქა-იქ, დისკრეტულად ჩაწინწკლულია მცირე ფართობის მქონე უდაბნოები, ამ უკანასკნელთათვის დამახასიათებელი მიკროკლიმატით, ნიადაგით, იშვიათი ფლორითა და შესატყვისი აუტოეკოლოგიის ფაუნით. ასეთებია: (1) დავითგარეჯას ღრმულის (კახეთი) თიხნარ-თაბაშირიანი უდაბნო, (2) ასპინძის (მესხეთი) მიდამოების თაბაშირის შემცველი უდაბნოს გორაკები, დაბოლოს, (3) ადიგენის (მესხეთი) თიხნარი უდაბნოები. მსგავსი უდაბნოები ირან-თურანის ზოგიერთი, იშვიათი - ავტოქტონურ მცენარეთა და ასევე ცხოველთა სახეობების თავშესაფრები ანუ რეფუგიუმებია. მსგავსს რეფუგიუმებში ისინი პალეორელიქტურ ფორმებს წარმოადგენენ. მაგალითად, მწირნალექიან უდაბნოებსა და ნახევრად უდაბნოებში ვხვდებით იშვიათ, ოლიგოტიპურ სახეობებს გვარებიდან: Halimodendron, Nitraria, Reaumuria და სხვა. ბიოგეოგრაფიული თვალსაზრისით ბიოტოპურად, ისტორიულად და გენეტიკურად განსხვავებული ფლორა-ფაუნის ეს და მსგავსი წარმომადგენლები, კერძოდ მათი პოპულაციები, ერთმანეთისაგან იზოლირებულები (დიზუნქცია) არიან, ე.ი. სივრცეში გეოგრაფიულად სიმპატრირებენ (ვიკარირებენ). როგორც ცნობილია, მსგავსს, ერთმანეთისაგან დათიშულ პოპულაციებში აღარ ხდება გენების გაცვლა. ეს უკანასკნელი კი სახეობათწარმოშობის (ხშირად მეორადი ცენტრის სახით) წინაპირობაა. მეორეს მხრივ, ბუნებრივი და განსაკუთრებით ანთროპოგენული პრესის პირობებში მსგავსი, მცირერიცხოვანი რელიქტური პოპულაციები გადაშენების პირას იმყოფებიან. აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს დანაწევრებულ უდაბნოთა მსგავსი ადგილები შემოფარგლულია განსხვავებული ფიტოცენოზების მქონე ეკოტონებით, სახელდობრ, არიდული ნათელი ტყეებით, შიბლიაკებით, სტეპებითა და, ზოგჯერ, მცირე ფართობის ფართოფოთლოვანი ტყეებითაც კი. მსგავსი ეკოტონები უდაბნოს სახეობებისათვის კლიმატურ-ნიადაგური პირობების განსხვავების გამო გადაულახავია. სწორედ ეს გარემოება უწყობს ხელს ზემოთ აღნიშნულ სამ რაიონში წყვეტილად წარმოდგენილ უდაბნოთა მწირ ნალექებთან შეგუებულ სახეობათა დათიშულობა-დისკრეტულობას. მსგავსი ჰიპერქსეროფიტები მიეკუთვნებიან ირან-თურანის ფიტოგეოგრაფიულ რაიონს, გაერთიანებულებს ტეთისის (ძველი ხმელთაშუაზღვეთი) ქვესამეფოსა და ჰოლარქტიკის სამეფოში, ირან-თურანისა, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე ავტოქტონურ, ქსეროფილურ ტაქსონთა პირველად ცენტრს (ტახტაჯანი, 1997). ჩვენს მიერ, დაახლოებით 50 წლის განმავლობაში, კავკასიის ყველა კლიმატურ-ისტორიული რაიონის (14) ფენოლოგიური შესწავლისას, პირველად კავკასიის ბუნების ისტორიაში, უწინარესად, მცენარეული საფარის მიხედვით, კლასიფიცირებულია კავკასიის მლაშნარი უდაბნოები.
მიმაგრებული ფაილები:
Salty (solonchak) deserts and semi-deserts of the Caucasus, their peculiarities (chorology) and classification [en]კავკასიის მლაშნარი უდაბნოები და ნახევრად უდაბნოები, მათი თავისებურებები (ქოროლოგია) და კლასიფიკაცია [ka]