ავტორიზაცია
პლინსბახ-ტოარსული ფუძე ეფუზური ვულკანიზმის ტექსტურულ-სტრუქტურული მახასიათებლები მდ.ლამაზურის ჭრილის მაგალითზე
ავტორი: კარლო აქიმიძეთანაავტორები: გენადი მოლაშხია
საკვანძო სიტყვები: სტრუქტურა, ტექსტურა, ფორმაცია
ანოტაცია:
კავკასიონის სამხრეთი ფერდის ქვედა-შუა იურული ასაკის ფიქლების სერია უწყვეტი ზოლის სახით გაიდევნება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აფხაზეთის ჩრდილო დასავლეთი საზღვრიდან, კახეთის ჩრდილო აღმოსავლეთ საზღვრამდე. მასში წყვეტილი ინტერვალების სახით - ბზიფი-კოდორის სათავეებში (Чхотууа1941, Веридзе1977), სვანეთში(Заридзе.1941) , რაჭაში (Татришвили 1941 ; Чичинадзе 1945; Беридзе 1963), ხევი-ხევსურეთისა რეგიონსა (Чихрадзе1979) ) და კახეთის ტერიტორიაზე (Авалишвили 1956; Пруидзе 1979 ; Акимидзе2004) გამოვლენილია ბაზალტური, ანდეზი-ბაზალტური მაგმატიზმი , დაიკური და ეფუზური ფაციესების სახით. მაგმური კომპლექსის შესწავლას აქვს მეცნიერულთან ერთად, დიდი პრაქტიკული მნიშვნელობაც. ამ ტიპის ვულკანიზმთან გენეტურ კავშირში ფორმირდება კოლჩედანური, და კოლჩედან- სპილენძ-პოლიმეტალური საბადოები, ამავე დროს, ხშირად თვითონ ეს კომპლექსი წარმოადგენს ძვირფას საამშენებლო და მოსაპირკეთებელი ქვის ნედლეულს. აღნიშნული მაგმური კომპლექსი ქვედა-შუა იურული ფიქლების სერიაში, როგორც სუბვულკანური, ისე ეფუზური ფაციესის სახით საუკეთესოდ არის გამოვლენილი კახეთის რეგიონში. აქ დადგენილია კერძოდ ეფუზური მაგმატიზმის ფორმირების სამი ეტაპი: 1.სინემურულ-ადრე პლინსბახური; 2. გვიანპლინსბახ-ადრეტოარსული და 3.აალენ-ბაიოსური. გამოყოფილი ვულკანიზმის სამი ეტაპიდან აქ ყველაზე ფართედ გვიან პლინსბახ-ადრეტუარსული მაგმატიზმია წარმოდგენილი. კომპლექსი ფიქსირდება მდ. ალაზნის სათავეებში- ქვაჩადალას უბანზე, მდინარე სტორის აუზში და კაბალი-მაწიმისხევის შუამდინარეთში. ეს კომპლექსი გასულ წელს ჩვენ შევისწავლეთ ქვაჩადალას უბნის ლამაზურის ჭრილზე, სადაც დავაფიქსირეთ ვულკანიტების 170 მ. სიმძლავრის გამოსავალი გადმობრუნებული ანტიკლინური სტრუქტურის სამხრეთ ფრთაში. ჭრილი იწყება 15 მ სიმძლავრის ტუფიტებით, მისი პირველი 5 მ, პარატუფიტებია, რომელიც ზემოთ თანდითანობით ორთოში გადადის. მას სრული თანხმობით მოყვება 5 მ. თიხაფიქლები; შემდეგ წარმოდგენილია 40 მ-ბალიშა ტექსტურის ლავური განფენი, რომელსაც აგრძელენს ჯერ 35მ ლავური ბრექჩია, შემდეგ 80 მ. სიმძლავრის ლავური განფენი. მოხსენებაში დეტალურად იქნება განხილული ამ კომპლექსის ტექსტურულ-სტრუქტურული თავისებურებები.
მიმაგრებული ფაილები:
პლინსბახ-ტოარსული ფუძე ეფუზური ვულკანიზმის ტექსტურულ-სტრუქტურული მახასიათებლები მდ.ლამაზურის ჭრილის მაგალითზე [ka]