ka | en
Company Slogan TODO

ვირთაგვას პანკრეასიდან გამოყოფილი თერმოსტაბილური ცილოვანი კომპლექსის გავლენა პანკრეასის GAD-დადებითი და ინსულინ-დადებითი უჯრედების რაოდენობაზე

ავტორი: მაგდა ლომიძე
თანაავტორები: ი. მოდებაძე, დ. ძიძიგური
საკვანძო სიტყვები: პანკრეასის თცკ, GAD-დადებითი უჯრედები, ინსულინ-დადებითი უჯრედები.
ანოტაცია:

ცოცხალ ორგანიზმში მიმდინარე პროცესების რეგულაციაში წამყვანი როლი ენიჭებათ ცილებს, რომელთა დისფუნქციამ შესაძლოა სხვადასხვა დარღვევები გამოიწვიოს. დღეისათვის განსაკუთრებით აქტუალურია უჯრედების გამრავლების რეგულაციაში მონაწილე ცილოვანი კომპლექსების იდენტიფიცირება და მათი თერაპიული მიზნით გამოყენება. ნაჩვენებია, რომ ზრდასრული თეთრი ვირთაგვების კუჭქვეშა ჯირკვლის ქსოვილი, სხვა ორგანოების მსაგავსად შეიცავს თერმოსტაბილური ცილების კომპლექსს (თცკ). აღნიშნული კომპლექსი ტრანსკრიპციის პროცესის დათრგუნვის გზით უჯრედების გამრავლების ინჰიბირებას იწვევს (Giorgobiani N et al. 2005). დადგენილია რომ, ნერვულ ქსოვილში თცკ-ს მოქმედებით აღინიშნება მიტოზურ ციკლში უჯრედების შესვლის დაჩქარება და GAD-დადებითი უჯრედების კლება (Dzidziguri et al. 2018). GAD (გლუტამატ დეკარბოქსილაზა) რომელიც აკატალიზებს გლუტამატიდან შემაკავებელი ნეიროტრანსმიტერის (გაემ) წარმოქმნას, როგორც ცნობილია, ექსპრესირდება ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და პანკრეასის კუნძულების, ძირითადად β-უჯრედებში. ასევე ის წარმოადგენს მთავარ ანტიგენს აუტოიმუნური დიაბეტის განვითარებაში. პანკრეასის ენდოკრინული ნაწილის ბეტა უჯრედების დაზიანებას თან სდევს GAD-ის სეკრეცია უჯრედგარე სივრცეში, რაც თავის მხრივ ააქტივებს მაკროფაგებს და T-უჯრედებს, და იწვევს დაავადების განვითარებას (Matthias Braun et al. 2004; Simon A. Hinke. 2007). სამუშაოს მიზანი - პანკრეასის თცკ-ს მოქმედების შესწავლა მოზარდი ვირთაგვების GAD-დადებითი და ინსულინ-დადებითი უჯრედების რაოდენობაზე. მასალა და მეთოდები. ზრდასრული (150-170 გ) და მზარდი (8-10 გ) თეთრი არახაზოვანი ვირთაგვების პანკრეასის ქსოვილი. ცილების სპირტული ექსტრაქციის მეთოდი. ქსოვილის ფიქსაცია Na/K ფოსფატურ ბუფერზე დამზადებულ ფორმალდეჰიდის 4%-იან ხსნარში. ქსოვილში β-უჯრედების რაოდენობის განსაზღვრის იმუნოჰისტოქიმიური შეღებვის მეთოდი ანტი-GAD და ანტი-ინსულინ ანტისხეულების გამოყენებით. შედეგი.Pპანკრეასის თცკ-ს 0.2%-იანი ხსნარი ინტრაპერიტონიალურად შევუყვანეთ მოზარდ ვირთაგვებში (200მკგ/100მკლ) და მასალას ვიღებდით ინექციიდან სამ საათში. გამოვლინდა, რომ აღნიშნული თცკ-ს ზემოქმედებით დაახლოებით 20%-ით მცირდება GAD-დადებთი უჯრედების რაოდენობა მოზარდი ვირთაგვას კუჭქვეშა ჯირკვლის ენდოკრინულ ნაწილში. ამასთანავე არ იცვლება ინსულინ-დადებითი უჯრედების რაოდენობა. მიღებული შედეგებიდან გამომდინარეობს, რომ თცკ-ს ზეგავლენით გად-ის ექსპრესიის ინჰიბირება არ ახდენს გავლენას ამავე უჯრედებში ინსულინის გამომუშავების პროცესზე. დასკვნები. 1. ზრდასრუი ვირთაგვადან გამოყოფილ პანკრეასის თცკ-ს აქვს მოზარდი ვირთაგვას პანკრეასის β-უჯრედებში GAD-ის ექსპრესიის ინჰიბირების უნარი. 2. ენდოგენური ზრდის შემაკავებელი ფაქტორის დამთრგუნველი ზემოქმედება არ ახდენს უარყოფით ზეგავლენას ინსულინის ექსპრესიაზე.


მიმაგრებული ფაილები:

Madga Lomidze [en]
მაგდა ლომიძე [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com