ავტორიზაცია
ენანტიომერული ნარევების დაყოფის ზოგიერთი თავისებურების თერმოდინამიკური ახსნა პოლისაქარიდული ბუნების ქირალურ სვეტებზე სითხური ქრომატოგრაფიის გამოყენებით
ავტორი: ალუდა ჭელიძეთანაავტორები: გიორგი კობიძე, გიზო დოლიძე
საკვანძო სიტყვები: ენანტიომერები, თერმოდინამიკური პარამეტრები, ტემპერატურის გავლენა
ანოტაცია:
განვახორციელეთ 28 ქირალურ ნივთიერების ენანტიომერების დაყოფა. ეს ნივთიერებები არის არილპროპიონის მჟავას ნაწარმი არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. ამ ჯგუფის წამლები გამოიყენება, როგორც ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები. მათი სტერეოიზომერების დაყოფა მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად მხოლოდ ერთი ენანტიომერი ხასიათდება ფარმაკოლოგიური აქტიურობით, ხოლო მეორე უმოქმედო ან ტოქსიკურიც კი არის. დეტალური თერმოდინამიკური კვლევებისათვის ამ ნივთიერებებიდან შევარჩიეთ ფენოპროფენი და კეტოპროფენი. ჩვენი კვლევის მიზანი იყო ენანტიომერების დაყოფის თერმოდინამიკური პარამეტრების შესწავლა მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში, რაც საშუალებას იძლევა მოცემული ნივთიერებისთვის, მოცემულ სვეტზე წინასწარ განისაზღვროს ანალიზისთვის საჭირო პირობები და მიღწეულ იქნას სასურველი სელექტიურობა და ელუირების რიგი. ექსპერიმენტში გამოვიყენეთ ამილოზა ტრის(3,5-დიმეთილფენილკარბამატის) სილიკაგელზე დაფენით მომზადებული ქირალური სტაციონარული ფაზა. ანალიზები ჩატარდა სხვადასხვა ტემპერატურაზე და სხვადასხვა მოძრავი ფაზის გამოყენებით. გაანალიზებული ნივთიერების დაყოფის ფაქტორის ნატურალური ლოგარითმის დამოკიდებულების გრაფიკის მიხედვით აბსოლუტური ტემპერატურის შებრუნებულ სიდიდეზე, გამოვთვალეთ ადსორბციის ენთალპიისა და ენტროპიის მნიშვნელობები და მათი სხვაობები ორივე ენანტიომერისთვის. შევისწავლეთ ენტროპიულ თუ ენთალპიურ ხასიათს ატარებს მოცემულ სვეტზე ენანტიომერების დაყოფა და როგორია ტემპერატურის გავლენა შეკავებისა და დაყოფის პროცესებზე. ამავდროულად ჩვენ დავინახეთ, რომ ტემპერატურა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქირალურ გამოცნობის მექანიზმზე. ჩვენი ინტერესი მდგომარეობდა იმაში, რომ გაგვერკვია ქირალური გამოცნობის მექანიზმის ცვლილება ხომ არ იყო გამწვეული ქირალური სელექტორის სტრუქტურის შეუქცევადი ცვლილებით. ამისათვის ანალიზი ჩავატარეთ 10-70°C ტემპერატურულ შუალედში 5° ინტერვალით, შემდეგ კი მოვახდინეთ სვეტის გაცივება 70°C-დან 10°C-მდე.