ავტორიზაცია
საქართველოს თანამედროვე გეოდინამიკური პროცესები (მუნიციპალიტეტების მიხედვით)
ავტორი: გიორგი დვალაშვილისაკვანძო სიტყვები: რელიეფი, სტიქია, გეოდინამიკური პროცესები
ანოტაცია:
საქართველოს ტერიტორია ბუნების სტიქიური პროცესების მრავალსახეობრივი სპექტრით, განვითარების მასშტაბებით, დროში განმეორებადობით, მოსახლეობის, სასოფლო-სამეურნე სავარგულებისა და სამეურნეო-საინჟინრო ობიექტებისადმი მიყენებული ნეგატიური შედეგებით, მთიან მხარეთა ერთ-ერთ ურთულეს რეგიონს განეკუთვნება. აქ განვითარებული მეწყრები, კლდეზვავები, ღვარცოფები, ზღვისა და წყალსაცავების ნაპირების წარეცხვა, ეროზიის სხვადასხვა სახეები, წყალმოვარდნები, კარსტულ-სუფოზიური ჩაქცევები და მათგან გამოწვეული სოციალურ- ეკონომიკური შედეგები მეურნეობის ყველა სფეროს მოიცავს. გრავიტაციული მოვლენების ფართომასშტაბიანი განვითარების საშიშროებას წარმოუდგენლად ზრდის ის გარემოებაც, რომ ქვეყნის ტერიტორია 7-9 ბალიანი მიწისძვრების რისკის ზონაშია მოქცეული. საქართველოს ცალკეულ მუნიციპალიტეტებში ბუნების სტიქიური პროცესების ძლიერ ზეგავლენას (ხშირად კატასტროფული შედეგებით) პერიოდულად განიცდის ჩვენი ქვეყნის ათასობით დასახლებული პუნქტი, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, გზები, ნავთობ და გაზსადენი ტრასები, ჰიდროტექტნიკურ-სამელიორაციო ობიექტები, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები, სამთო-ტურისტული კომპლექსები და სხვ. პროცესების ექსტრემალური გამოვლენისას, არც თუ იშვიათად, საჭირო ხდება მოსახლეობის ისტორიულად დამკვიდრებული საცხოვრებლიდან აყრა და მათი გადაყვანა უხიფათო ადგილებზე, ზოგჯერ სხვა რეგიონებშიც კი, დროთა განმავლობაში ამას მოჰყვება ათეულობით მთის სოფლის დაცარიელება და მიწების დაზიანება. საქართველოში, ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევებით, სტიქიური პროცესების მაღალი რისკის საშიშროების ზონაში აღმოჩნდა 3000-მდე დასახლებული პუნქტი 400 ათასზე მეტი ოჯახით, მათგან 50 000 ოჯახი სხვადასხვა დროს გადაყვანილ იქნა უსაფრთხო ადგილებზე. აღნიშნული პროცესებით სხვადასხვა ინტენსივობით დაზიანებული ან სარისკო ტერიტორიის ფართობებმა დაახლოებით 4 მლნ ჰა-ს მიაღწია. მოსახლეობისა და საინჟინრო-სამეურნეო ობიექტების დაცვა კატასტროფული მოვლენებისაგან წარმოადგენს ტერიტორიის მდგრადი განვითარების ყველაზე აქტუალურ პრობლემას. აღნიშნული პრობლემის მნიშვნელობა განსაკუთრებით მწვავეა მთიან და მთისწინა რაიონებში.
მიმაგრებული ფაილები:
Modern Geodynamic Processes of Georgia (According to municipalities) [en]საქართველოს თანამედროვე გეოდინამიკური პროცესები (მუნიციპალიტეტების მიხედვით) [en]