ავტორიზაცია
კრეატინის მოდულატორული როლის შესწავლა ჰიპოკამპში კალციუმის რაოდენობრივ ცვლილებებზე ფსიქო-ემოციური სტრესის პირობებში
ავტორი: თემურ მანთაშაშვილითანაავტორები: მანთაშაშვილი თემური, წიკლაური ალექსანდრე, ბურჯანაძე გიორგი, მენაბდე ქეთევანი, კოშორიძე ნანა
საკვანძო სიტყვები: კრეატინი, ფსიქო-ემოციური სტრესი, კალციუმი, თავის ტვინი, აზოტის ჟანგი
ანოტაცია:
ცირკადული რიტმის დარღვევა წარმოადგენს მნიშვნელოვან სტრეს-ფაქტორს, რომელსაც შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს ცოცხალ სისტემაზე. მსგავს გარეგან ფაქტორებს გავლენა აქვთ, როგორც მეტაბოლურ პროცესებზე, ისე სხვადასხვა სასიგნალო აგენტების რაოდენობრივ ცვლილებაზე, რომელთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს Ca2+-ს. ცნობილია, რომ Ca2+-ის რაოდენობრივი ცვლილებებს შესაძლოა ციტოტოქსიკური ეფექტი ჰქონდეს, უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს მიტოქონდრიების ნორმალურ ფუნქციონირებაზე და განაპირობოს ჟანგვითი პროცესების აქტივაცია. აღნიშნული ცლილებების სირთულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, ისეთი ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების მოძიება და შესწავლა, რომელნიც გარკვეულ დამცველობით ფუნქციას შეასრულებენ, რომელთა შორისაა უჯრედში მაღალენერგეტიკული ფოსფატების ტრანსპორტსა და შენახვაში მონაწილე ნიტროგენული ნაერთი კრეატინი. კვლევის მიზანს წარმოადგენდა თეთრი ვირთაგვას ჰიპოკამპში Ca2+-ის რაოდენობრივი ცვლილებების შესწავლა, ზოგიერთ ოქსიდაციურ პროცესზე დაკვირვება და აღნიშნულ მაჩვენებლებზე კრეატინის გავლენის დადგენა. ექსპერიმენტულად ნანახი იქნა, რომ საკონტროლო ჯგუფის (G1) წარმომადგენლებთან შედარებით, სტრესირებული ვირთაგვების (G2) ჰიპოკამპში სარწმუნოდაა გაზრდილი Ca2+-ის კონცენტრაცია, ხოლო კრეატინის შეყვანის პირობებში (G3) ეს მაჩვენებელი კვლავ საკონტროლო სიდიდეს უახლოვდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცირკადული რიტმის დარღვევის ფონზე ფიქსირდება ისეთი აქტიური რადიკალების სარწმუნო რაოდენობრივი მატება, როგორიცაა აზოტის ოქსიდი (NO) და წყალბადის ზეჟანგი (H2O2), რაზედაც კრეატინის მიწოდებამ ასევე დადებითად იმოქმედა. აღნიშნულ მაჩვენებლებთან ერთად შესწავლილ იქნა უჯრედების სიცოცხლისუნარიანობა, რაც G2 ცხოველების შემთხვევაში სარწმუნოდაა შემცირებული G1-თან შედარებით, ხოლო G3 ჯგუფში შეინიშნება სარწმუნო გაუმჯობესება. მიღებული მონაცემების გათვალისწინებით, სავარადოა, რომ ოქსიდაციური სტრესი, რომელიც გამოწვეულია ცირკადული რიტმის ხანგრძლივი დარღვევით, შესაძლოა პროვოცირდებოდეს Ca2+-ის რაოდენობრივი მატებით თავის ტვინის უჯრედებში. კრეატინის მოდულაციური ეფექტი ენერგეტიკულ მეტაბოლიზმზე დადებითად მოქმედებს ანტიოქსიდანტურ სისტემაზე, რაც იცავს ჰიპოკამპის უჯრედებს დაზიანებისაგან.