ავტორიზაცია
თანამედროვე იმუნოთერაპია – ახალი პარადიგმები სიმსივნის მკურნალობაში
ავტორი: ანი ბილანიშვილისაკვანძო სიტყვები: სიმსივნე, სიმსივნის იმუნოლოგია, სიმსივნის იმუნოთერაპია
ანოტაცია:
უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში იმუნოთერაპია რევოლუციას ახდენს სიმსივნის თერაპიაში. მიუხედავად იმისა, რომ გასული ათწლეულის განმავლობაში უზარმაზარ პროგრესს მიაღწია ზოგადად ონკოლოგიის სფერომ, დიდწილად აღნიშნული ძვრები იმუნოთერაპიის დარგის გასაოცრად სწრაფად განვითარებამ განაპირობა. ბოლოდროინდელი ოფიციალური ინფორმაციით აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) დაამტკიცა იმუნოთერაპიული რეჟიმები ორ ათეულამდე სიმსივნის ტიპისათვის. ასევე ათასობით კლინიკური ტესტირება მიმდინარეობს ამჟამად ზოგიერთი სიმსივნის იმუნოთერაპიული პერსპექტივის შეფასებისა და თერაპიისადმი რეზისტენტობის დაძლევისთვის. ბევრი იმედისმომცემი შედეგი გამოქვეყნდა ზუსტი, დამიზნებითი თერაპიის მიმართულებითაც. მხოლოდ გასულ წელს FDA–მ დაამტკიცა 11 ანტისიმსივნური თერაპია და ყველა მათგანი ეფუძნება მოლეკულური სამიზნე აგენტების გამოყენებას (American assosiation for cancer research(AACR),2020). მოხსენებაში განხილული იქნება თანამედროვე იმუნოთერაპიული სტრატეგიები, ძირითადი სასიგნალო მოლეკულები და ბიოლოგიური მექანიზმები, რომლებიც სამეცნიერო წრეებში მზარდ ინტერესს იწვევს მათი, როგორც სიმსივნურ იმუნოპათოგენეზში ჩართული კომპონენტების შესწავლისა და მათზე დაფუძნებული თერაპიის პერსპექტივების ძიების კუთხით. სიმსივნის ჰეტეროგენულობიდან გამომდინარე, ზოგიერთი ზოგადი სამკურნალო რეჟიმი, რომლის წარმატებული შედეგები მიღწეულია პაციენტთა გარკვეულ ჯგუფში, აბსოლუტურ რეზისტენტობას ავლენს სხვა შემთხვევებში. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ანტისიმსივნური თერაპიის სამიზნეების შესწავლა მნიშვნელოვანია როგორც თეორიული მიზნით – მათთან დაკავშირებული სასიგნალო გზების ფუნქციური როლის უკეთ შეფასებისთვის, ისე ამ მექანიზმებზე ზემოქმედების პრაქტიკული პერსპექტივის გააზრებისთვის.